ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები; ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში; გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან); დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი; ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია; ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს; თ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; ი) ოჯახის წევრი − საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; კ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობის წარმომადგენელი. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
