1.ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის სფეროში.
2.სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3.სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება; ბ) საავიაციო, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება; გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; დ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა, გარდა სპეციალური ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდების, საზღვაო გემებისა და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია; ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; ზ) მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა.
5.შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირებისა და ინსპექტირების ორგანოა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1922 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.232 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.


