Статья 44. საბაჟო ზედამხედველობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და დოკუმენტების საბაჟო კონტროლს. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ხორციელდება საბაჟო პროცედურების დაცვით.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, მის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში მის გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე.
3. თუ საქონელი უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლაზე და ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ ვალდებულ პირებს არ შეუძლიათ, საბაჟო ორგანოს დაუმტკიცონ ამ საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გასვლის კანონიერება, ვალდებულმა პირებმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
