Статья 46. ავარიისა და დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. პირი, რომელიც ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად; ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; გ) უზრუნველყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან მის მიერ მითითებულ ადგილამდე.
2. თუ ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად ახორციელებს საბაჟო ტერიტორიაზე იძულებით დაშვებას ან შესვლას, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მათი შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იმოქმედოს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
3. საბაჟო ორგანომ უნდა განსაზღვროს გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე უნდა განსაზღვროს ამ საქონლის დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
