Статья 65. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. საქონელზე, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო რეჟიმი, სავალდებულოა, წარდგენილ იქნეს საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საქონელი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება საბაჟო დეკლარაციის წარდგენიდან, ხოლო საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ან ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მის განადგურებამდე ან საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.
3. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც გადაიზიდება საქონელი, დეკლარირება ხდება საქონლის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი უშუალო პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით საბაჟო დეკლარირებას.
