Статья 13. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
1. თითოეული მუნიციპალიტეტი იღებს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლებელია მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შეიმუშაონ.
2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმებს.
3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. საჯარო განხილვებს აწყობს (აწყობენ) შესაბამისი მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები).
4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას; ბ) შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს; გ) მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს; დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას; ე) მუნიციპალური ნარჩენების (მათ შორის, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების, სურსათის ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების) სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს; ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს; თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით არსებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; ი) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3551 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
