საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 180. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) ბრუნვის წესების დარღვევა
1. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს აღნიშნული ნებართვის გარეშე სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3706 – ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
