საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 79^4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით (შემდგომ − მონრეალის ოქმი) გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება ან დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება
1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ.
3. მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 300 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. მაცივარაგენტის კონტეინერისა და მის შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე ან/და შეფუთვაზე 100 ლარით, კონტეინერისა და მისი შიგთავსის კონფისკაციით ან უამისოდ.
