Только для информации — не юридическая консультация.
1. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
2. (ამოღებულია).
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.
4. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე. 4 1 . პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)).
5. საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. 5 1 . თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი. 5 2 . თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია.
6. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
7. პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე.
9. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. წესდებით შესაძლებელია მათ მიერ შეტანილი შენატანებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.
10. ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს წილების ან აქციების მფლობელთა ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის აქციების გასხვისებაზე, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის გასხვისებაზე, რაც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах