1.სამინისტრო თავის სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) და ახორციელებს მისი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და მის სახელმწიფო კონტროლს.
2.განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია: ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით; ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; გ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციისა და ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და დანერგვა; დ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ვ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − საჯარო სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაცია; ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება; თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ი) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება; კ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების − ატესტატების, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება; ლ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა; მ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.






