1.ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
2.ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
3.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის გამოიყენება ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით, რომელთა დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

