Статья 12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი
1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებენ დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.
3. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობად არ მიიჩნევა ამ კანონის მე-2 მუხლის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, თუ მას მზღვეველი ან მისი თანამშრომელი ახორციელებს, აგრეთვე სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მომხმარებლისთვის იმგვარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანი არ არის მისთვის დაზღვევის ხელშეკრულების დადებაში/შესრულებაში დახმარების გაწევა, ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სადაზღვევო ორგანიზაციის ზარალის/საჩივრის მართვა/დარეგულირება ან საექსპერტო შეფასება.
4. იმ პირის საფირმო სახელწოდება, რომელიც სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს, უნდა შეიცავდეს სიტყვებს „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სამსახურის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე თავის საფირმო სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიტყვების „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, იკვეთება, რომ შესაბამისი პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას.
5. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს და სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას აუქმებს სამსახური. სამსახური აწარმოებს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრს (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრს), რომელიც მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, მის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის ან მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
6. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის დაწყებამდე რეგისტრაციისთვის განცხადებით მიმართოს სამსახურს და წარუდგინოს მას დოკუმენტები/ინფორმაცია, რომლებიც/რომელიც ადასტურებს ამ სადაზღვევო ბროკერის მიერ სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის, დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობას.
7. სადაზღვევო ბროკერს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დაწყების უფლება აქვს სამსახურის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის შემდეგ.
8. დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მზღვეველთან/დამზღვევთან/გადამზღვეველ კომპანიასთან ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
