1.მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.
2.სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა.
3.ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).
4.სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5.სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.






