Статья 33^3. მზღვეველის ლიკვიდაცია
1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მზღვეველის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის მიერ დანიშნული პირი. იგი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. დაუშვებელია მზღვეველთან დაკავშირებული პირის მის ლიკვიდატორად დანიშვნა. მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.
2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სამსახურს გამოსაქვეყნებლად. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის წინაშე, სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს მზღვეველის აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.
4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება; ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა; გ) შეწყვიტოს მზღვეველის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე გაფრთხილებული უნდა იქნეს, რომ მზღვეველი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის, და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას; დ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე (მათ შორის, სხვა მზღვეველზე).
5. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, ლიკვიდატორი და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ მზღვეველის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორის ან გაკოტრების მმართველის დანიშვნამდე 12 თვით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ აღნიშნულის შედეგად მზღვეველთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მზღვეველის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მზღვეველისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.
6. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან 15 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს მზღვეველის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.
7. მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე, სამსახურში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.
8. მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დაზღვევის შესახებ
