1.გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს იგი და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.
2.საქართველოს დროშით მცურავ გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია გემის საბორტო ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს. ამ ჩანაწერს ამოწმებს ორი მოწმე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი (გემზე მისი ყოფნის შემთხვევაში).
3.გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია მოამზადოს გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი. ამ ასლს ორი მოწმე ადასტურებს.
4.ქონება (ნივთები), რომელიც (რომლებიც) გემზე გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა, უნდა აღიწეროს და გემზე უსაფრთხოდ უნდა იქნეს შენახული, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით, რომელიც გემის მართვას ახორციელებს.
5.გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისას − ნავსადგურის კაპიტანს.
6.გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე პირის გარდაცვალების (დაღუპვის) ფაქტი და მიაწოდოს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.
