საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 363^46. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია − „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია; ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) კრედიტორი − ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც არსებობს ან, სავარაუდოდ, არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება; დ) მოვალე − ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია ან, სავარაუდოდ, ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი; ე) გადაწყვეტილება − კონვენციის ფარგლებში სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება; ვ) მოდიფიკაცია − კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით შეცვლა; ზ) საჯარო ორგანო − ორგანო, რომელიც მოქმედებს იმ კრედიტორის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო ხარჯი გასწია. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
