საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 351^7. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია − „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია; ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) ბავშვი − 16 წლამდე ასაკის პირი; დ) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც წარმოადგენს სარჩელს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) სასამართლო − თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო; ვ) მეურვეობის უფლება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305 7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება; ზ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305 7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება; თ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება − პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე, და რომელიც ბავშვის გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე გადაადგილდა და მისი მოთხოვნის შემდეგ ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება; ი) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც ბავშვის დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი დაკავება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის შედეგად გადაადგილდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6054 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
