სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Статья 20^4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ თავით გათვალისწინებულ საქმიანობას.
2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.
3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ თავით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
