„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 10
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − მისი ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − ზეპირად მისცეს ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ: ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს; ბ) სხვა აქციის (რომლის ჩატარების შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) იმავე ადგილზე და იმავე დროს ჩატარებაა დაგეგმილი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭიროებისამებრ გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას. საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.
