საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 121. ნივთიერი მტკიცებულება
1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.
2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.
3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.
4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. 4 1 . ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება ხდება იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.
