საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 295. გამოძახება დაკითხვაზე
1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.
2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.
3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.
4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
