1.მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად.
2.მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის დამთავრებამდე.
3.დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ.
4.დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები.
5.მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.
6.მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. მოწმის იდენტიფიკაცია ხდება დაკითხვის ადგილას შესაბამისი სასამართლოს მიერ. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89



