1.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.
2.ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.
3.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.
4.გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.
5.ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6.ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.
7.ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.
8.ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.
9.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94



