საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 371. ექსპერტის დასკვნა
1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით.
2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3. ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები.
4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს.
