საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 476. განსასჯელის დაკითხვა
1. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს განსასჯელს, მისცეს ჩვენება მისთვის წაყენებული ბრალდების გამო და საქმის სხვა გარემოებათა შესახებ. განსასჯელს განუმარტავენ, რომ მას უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება და ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება გამოიყენონ მის საზიანოდ.
2. განსასჯელს დაკითხავენ პროცესის მონაწილენი შემდეგი თანამიმდევრობით: სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენელი, მისი დამცველი, სხვა განსასჯელები და მათი დამცველები, ბოლოს კი სასამართლო.
3. განსასჯელს უფლება აქვს, თავმჯდომარის ნებართვით, მისცეს ჩვენება ყოველი მტკიცებულების გამოკვლევისას.
4. დაკითხვისას განსასჯელს უფლება აქვს ისარგებლოს წერილობითი შენიშვნებითა და დოკუმენტებით.
5. განსასჯელის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ ისინი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს მიმოხილვისა და საქმეზე დასართავად.
6. განსასჯელის დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ საქმეზე დართული ან მათ ხელთ არსებული საგანი ან დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებით განსასჯელს დაუსვან კითხვები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
