Статья 92. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ
1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით − შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.
3. საბჭო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით.
4. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ან საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ.
5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირ მოსმენაზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.
