1.არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
2.განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ: ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; გ) (ამოღებულია); დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი; ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით; ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო; ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის; თ) დაირღვა განსჯადობის წესები; ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა; კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა; ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება; ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი; ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
3.გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368





