საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 68. პირის დაზარალებულად ცნობა
1. დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.
2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.
3. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე.
6. თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).
