საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები
დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება: ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ; ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება; გ) განაცხადოს აცილება; დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში; ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში; თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი; ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე; მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები; რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება; ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე; უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
