საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 143. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, – იწვევს პირის დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარით.
