Статья 10. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესი მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში
1. მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების სხვა საზღვრები და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება მოდავე მხარეთა თანასაკუთრებად, ერთ საკადასტრო ერთეულად. ამ შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ, ხოლო მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით ან, მხარეთა შეთანხმებით, მედიატორი ნოტარიუსი.
2. თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი თითოეული აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით არ აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, თითოეული მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება დაინტერესებული პირების მიერ მითითებული საზღვრების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში აისახება ინფორმაცია დავის არსებობისა და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობების შესახებ, ხოლო საკადასტრო გეგმაზე აღინიშნება მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილი. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
