„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 17. დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება
1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.
2. დეპოზიტორს დაზღვეული დეპოზიტი ეროვნული ვალუტით აუნაზღაურდება. თუ დეპოზიტორს დეპოზიტი უცხოური ვალუტით აქვს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება და ანაზღაურდება ეროვნული ვალუტით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, მაგრამ არაუმეტეს ზღვრის ოდენობისა.
3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით.
4. დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში არსებული დეპოზიტები დადგენილი ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ცალ-ცალკეა დაზღვეული.
5. კომერციული ბანკების, მიკრობანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული, დადგენილი ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.
6. დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით.
7. დეპოზიტორს სააგენტოსგან დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
