1.დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს: ა) მიიღოს პირველადი შენატანები; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება; თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია; ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით; ლ 1 ) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში; ნ 1 ) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან; ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 1 1 . საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1 2 . სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სახსრების განთავსების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში.
2.ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების ფონდში აკუმულირება; ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს; ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.






