სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 23. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა გულისხმობს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის გაგზავნის და მოთხოვნის მიღების ორგანიზებას. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მოიცავს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო პერსონალის, მატერიალური საშუალებების, სპეციალური ტექნიკის, ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების მოთხოვნას.
2. საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე, როდესაც, წინასწარი შეფასებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საჭიროებების, ზარალისა და შიდა, ეროვნული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან კოორდინაციით განსაზღვრავს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ წინადადებას წარუდგენს მინისტრს. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგენის საფუძველზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, თუ ასეთი პირი განსაზღვრულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
