სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 57. მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა მიერ საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების მიღებას უზრუნველყოფს, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მეშვეობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოსამსახურეთა მომზადება ან/და გადამზადება განახორციელოს ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მეხანძრე-მაშველი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე დანიშვნამდე ან თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადის საბაზისო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, გარდა იმ პირისა, რომელსაც გავლილი აქვს სახანძრო ან/და სამაშველო მიმართულების რომელიმე სპეციალური მომზადების კურსი ან პროფესიული პროგრამა ან/და რომელიც მუშაობდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფში და ამ კურსის ან პროგრამის გავლიდან ან სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტიდან 5 წელზე მეტი არ გასულა. ამ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის მიერ საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საკითხს წყვეტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.
