Статья 146. შიდა გადამუშავების პროცედურის ვადა
1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა. ეს ვადა განისაზღვრება შიდა გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.
2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო ამ პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – მასში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
3. წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.
4. ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადამუშავებული პროდუქტის წინასწარი ექსპორტის განხორციელების შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა განსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს უცხოური საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში დეკლარირება. ეს ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 6 თვისა. ამ ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება უცხოური საქონლის შესყიდვისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.
