Статья 16. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
1. პირმა ან პირთა ჯგუფმა, რომელიც საბაჟო ორგანოს წარუდგენს განცხადებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მას უნდა წარუდგინოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. საბაჟო ორგანომ დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, უნდა შეამოწმოს, შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისთვის დადგენილი პირობები, და, თუ ეს პირობები შესრულებულია, იმავე ვადაში უნდა აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
3. საბაჟო ორგანომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღისა.
4. თუ საბაჟო ორგანო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში, მან განმცხადებელს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უნდა შეატყობინოს ამის თაობაზე, ამასთანავე, უნდა მიუთითოს შესაბამისი მიზეზი და გადაწყვეტილების მიღების ახალი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საბაჟო ორგანოს შეუძლია, ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნით გაზარდოს გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადა განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კორექტირების მიზნით. განმცხადებელმა საბაჟო ორგანოს უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის კორექტირების დეტალები და კორექტირებისთვის საჭირო დროის მონაკვეთი.
