1.ყოველ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების (მათ შორის, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, სტაციონარული მომსახურების, რეაბილიტაციის) გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით.
2.სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა არცერთ ბავშვს, მათ შორის, არცერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვს, არ შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ღონისძიებები უნდა მოიცავდეს ზომების მიღებას: ა) ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად; ბ) განვითარებაზე ორიენტირებული, პრევენციული, საკონსულტაციო, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებითა და იმუნიზაციის სათანადო პროგრამებით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად; გ) სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად; დ) საჭირო მინერალებით გამდიდრებული საკვებით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად, რათა შემცირდეს ბუნებრივი გარემოს დაბინძურების უარყოფითი შედეგები ან/და აღმოიფხვრას ბუნებრივი მინერალების დეფიციტი; ე) მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ქალთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ვ) საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით − ბავშვებისა და მშობლებისთვის, ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, ძუძუთი კვების უპირატესობის, ჰიგიენის, გარემოს დაცვის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაწოდებლად; ზ) პრევენციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების განსავითარებლად; თ) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებების დროულად გამოვლენისა და ადრეული ინტერვენციის განხორციელების მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის შესაქმნელად; ი) ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრადიციული მიდგომების აღმოსაფხვრელად.
