1.მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.
2.საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროდუქტს აქვს ნიშანდება „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან მასზე მითითებულია შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დაცვით.
3.დაუშვებელია იმ ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.
4.დაუშვებელია იმ ფილმის, კომპიუტერული თამაშის ან სხვა აუდიოვიზუალური პროდუქტის ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.
5.იმ ჩაწერილი ფილმის ან თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებელი ან ფოტოფირი, რომლის ჩვენება, გადაცემა და გამრავლება შესაძლებელია, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნიშანდება „საბავშვო“.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნიშანდება თვალსაჩინოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაციის მატარებლის ფრონტალური ეტიკეტის მარცხენა ქვედა კუთხეში 1200 მმ 2 ფართობზე, ხოლო ფოტოფირის შემთხვევაში − 250 მმ 2 ფართობზე. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს ნიშანდების შინაარსის, სიდიდის, ფორმისა და ფერის მარეგულირებელი ნორმები და დააწესოს ამ ნორმებიდან გამონაკლისები.

