Статья 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით; ბ) სასამართლო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში; გ) კერძო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება მხარეთა ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის გარეშე; დ) მედიაციის მონაწილეები − მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მესამე პირი; ე) მედიატორი − მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა; ვ) მედიაციის მხარე − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც მეორე მხარესთან დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში; ზ) მესამე პირი − პირი, რომელიც მხარე არ არის და მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში; თ) მედიაციის თაობაზე შეთანხმება − მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ მიერ მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ი) სამედიაციო მორიგება − მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ წერილობითი დოკუმენტი, რომლის შესრულება სავალდებულოა; ი 1 ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა; კ) საქართველოს მედიატორთა ასოციაცია − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს; ლ) მედიატორთა ერთიანი რეესტრი − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მედიაციის შესახებ
