Статья 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით/ავტორიზაციით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის; ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო; გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ 1 ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი არ ჰყავს, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; გ 2 ) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის; გ 3 ) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა; გ 4 ) მშობელი საწარმო − სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს აკონტროლებს; გ 5 ) შვილობილი საწარმო − სუბიექტი, რომელსაც აკონტროლებს მშობელი საწარმო ან ამ საწარმოში შემავალი ნებისმიერი სხვა საწარმო, რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს მშობელი საწარმო; გ 6 ) ჯგუფი − მშობელი საწარმო, მისი ყველა შვილობილი საწარმო და ყველა სხვა საწარმო, რომელთაც მათთან ეკონომიკური და სამართლებრივი კავშირები აქვთ; დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი წესით; ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა; ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მედიამომსახურების მიმწოდებელს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ არსებობს; ვ 1 ) დამწყები საწარმო (სტარტაპი) − მეწარმე სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში საქართველოს მოქალაქის/საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ და რომლის შექმნიდან 6 თვე არ გასულა; ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ან პროდუქცია, რომელიც თანაწარმოებულია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის აუდიოვიზუალურ სექტორთან დაკავშირებული შეთანხმებების ფარგლებში და რომელიც აკმაყოფილებს ყოველ აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულ პირობებს. ევროპული წარმოების პროდუქცია არის აგრეთვე პროდუქცია, რომელიც ძირითადად დამზადებულია საქართველოში ან/და ევროკავშირის ერთი ან ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს რეზიდენტ ავტორებსა და სხვა პირებთან ერთად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ზ.ა) პროდუქცია დამზადებულია ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის მიერ; ზ.ბ) პროდუქციის წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებელი; ზ.გ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფოებიდან თანამწარმოებლების სრულ თანაწარმოებაში გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სახელმწიფოებიდან თანამწარმოებელთა მიერ გაწეულ ხარჯებს და თანაწარმოება არ ექვემდებარება აღნიშნული სახელმწიფოების ფარგლების გარეთ დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის კონტროლს; თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის; ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა; კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგად ოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს; ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არც სათემო მაუწყებლობა, არც საუნივერსიტეტო მაუწყებლობა და არც კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა; მ) უფლებამოსილი პარტია – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტია; ნ) კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროები, რომლებშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომლებშიც კომისია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს ახორციელებს; ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი; რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით; ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; ს 1 ) მედიამომსახურება − მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა; ს 2 ) აუდიოვიზუალური მედიამომსახურება – მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია; ს 3 ) აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი – ტელემაუწყებელი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის არჩევისთვის და რომელიც მისი ორგანიზების მეთოდს განსაზღვრავს; ს 4 ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება − მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით; ს 5 ) მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლი − მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც შეადგენს ინდივიდუალურ მასალას, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, შექმნა მომხმარებელმა და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე ატვირთა იმავე მომხმარებელმა ან სხვა მომხმარებელმა; ს 6 ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს; ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; ტ 1 ) რადიომაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; ტ 2 ) ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; ტ 3 ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი − აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით მომხმარებელი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ, თავის მიერ შერჩეულ დროს უყურებს პროგრამებს; ტ 4 ) სარედაქციო პასუხისმგებლობა − პროგრამების შერჩევასა და ორგანიზებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება მაუწყებლის მიერ პროგრამების ქრონოლოგიური განრიგის საშუალებით ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამების კატალოგის საშუალებით, რაც აუცილებლად არ გულისხმობს მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით; უ) (ამოღებულია); ფ) (ამოღებულია); ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; ქ 1 ) (ამოღებულია - 03.07.2023, №3461); ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში; ყ) ოჯახის წევრი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად; ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების დაწყება; ც) პროგრამა – მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც არის ტელემაუწყებლის მიერ ორგანიზებული ქრონოლოგიური განრიგის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის კატალოგის შემადგენელი ინდივიდუალური ნაწილი, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, აგრეთვე პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით რადიომაუწყებლის მიერ ეთერში ხმით გადაცემული რადიოპროდუქცია. პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა. შ.; # ც 1 ) სარედაქციო გადაწყვეტილება − გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება რეგულარულად სარედაქციო პასუხისმგებლობის განხორციელების მიზნით და მედიამომსახურების ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება; ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება; ძ 1 ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია პროგრამაში/მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement). აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement); წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა; ხ) საეთერო მაუწყებლობა – საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა; ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა; ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის; ჰ 1 ) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას; ჰ 2 ) ( ამოღებულია - 12.06.2015, №3691 ); ჰ 3 ) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს; ჰ 4 ) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას; ჰ 5 ) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; ჰ 6 ) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება; ჰ 7 ) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; ჰ 8 ) სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა; ჰ 9 ) სპონსორობა – ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ პირის მიერ, რომელიც ჩართული არ არის მედიამომსახურების, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების ან შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის საქმიანობაში თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით; ჰ 10 ) ტელეშოპინგი – საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირი შეთავაზება; ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით, როგორც სამაუწყებლო პროგრამა (Teleshopping Window), ან ინტეგრირებულ იქნეს სარეკლამო წყვეტაში, როგორც სამაუწყებლო რეკლამა (Teleshopping Spot); ჰ 11 ) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან განთავსებული კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, აგრეთვე თუ ერთი მედიამომსახურების მიმწოდებელი მედიამომსახურებას ახორციელებს მეორე მედიამომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით; ჰ 12 ) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ჰ 13 ) ქცევის კოდექსი − ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს; ჰ 14 ) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა; ჰ 15 ) სუბტიტრირება – კინოპროდუქციის პირველადი წარმოების ენიდან სხვა ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში; ჰ 16 ) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მედიამომსახურების სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენა; ჰ 17 ) პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ან მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით; ჰ 18 ) სამაუწყებლო საათი – სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი; ჰ 19 ) მედიაწიგნიერება – მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე ინტერნეტის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, მის მიღებასა და გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობის და ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, აგრეთვე მედიაპროდუქციის (აუდიოვიზუალური ტელერადიოპროდუქცია, ელექტრონული და სოციალური მედიაპროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვა პროდუქცია) შინაარსის და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების შესახებ სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა; ჰ 20 ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირის ან არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლის, სწავლების, სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების სტიმულირებას, საზოგადოებისათვის უნივერსიტეტში (უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება; ჰ 21 ) ავტორიზებული პირი − კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს; ჰ 22 ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს; ჰ 23 ) ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – მედიამომსახურების მიმწოდებლის, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლის მიერ პროდუქტის, მომსახურების ან პროდუქტის მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის სახელის, სავაჭრო ნიშნის ან საქმიანობის სიტყვიერი ან გრაფიკული გამოსახულების პროგრამებში განთავსება რეკლამირების განზრახვით იმგვარად, რომ ამ გამოსახულებათა პროგრამებში განთავსების დანიშნულებამ აუდიტორია შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს. ამგვარი აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია პროგრამებში განზრახ განთავსებულად მიიჩნევა, თუ განხორციელებულია საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ; ჰ 24 ) ტერორიზმისკენ მოწოდება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330 1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ჰ 25 ) კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა − ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება; ჰ 26 ) კულტურის ორგანიზაცია − „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კულტურის ორგანიზაცია. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1555 - სსმ I, №24, 13.08.2009წ., მუხ.135 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/468 – ვებგვერდი, 25.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6159 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1592 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2759 - ვებგვერდი, 18.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1262 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 თებერვლის კანონი №1966 – ვებგვერდი, 05.03.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6727 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №881 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.
