Статья 9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
3. დირექტორი: ა) წყვეტს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეებს და ახორციელებს მათი საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონებასა და სახსრებს; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ზ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შინაგანაწესს; თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
