Статья 7. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირველ მოადგილეს/მოადგილეს გადასცეს.
4. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს.
5. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
