ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 14. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები
1. ლიცენზიატს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ისარგებლოს კონკრეტული საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით და ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და ვალდებულებები.
2. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ მიიღო მოთხოვნა მომსახურების შეწყვეტის ან/და შემცირების ან ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, იგი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, თუ ლიცენზიატის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მომხმარებლებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებასა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგებას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.
