ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 16. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიის გაუქმება
1. კომისია უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.
2. კომისიას ლიცენზიაში ცვლილება შეაქვს ლიცენზიის პირობების შესაბამისად. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ: ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით; ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
3. კომისიას უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი, მოთხოვნების შესრულება.
4. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა.
