ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ
Статья 8. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა
1. ეს კანონი ვრცელდება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს.
2. მოგირავნე ან მისი სახელით მოქმედი პირი ფლობს ან/და აკონტროლებს ფინანსური გირავნობის საგანს: ა) თუ ფინანსური გირავნობის საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით; ბ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით ან მოგირავნის ან ასეთი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით; გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში/მიკრობანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით; დ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია საკრედიტო მოთხოვნა − მოგირავნისთვის წერილობითი ან სხვა, თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით მოთხოვნების სიის წარდგენით და მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.
