1.ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე.
2.პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია/მონაცემები: ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ.
3.პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება: ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების, განხორციელების თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის მტკიცებულებებს; დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა.
4.პლატფორმის ფორმატი განისაზღვრება და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესი მტკიცდება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. იგი უნდა მოიცავდეს: ა) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ) ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი მონაცემების ფორმას; დ) ინფორმაციას ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, მათი მიზნების და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური მეთოდების შესახებ; ე) ენერგოდანაზოგების დადასტურებისა და ენერგოდანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურებს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი III. ჰორიზონტალური (სექტორთაშორისი) პოლიტიკის ღონისძიებები
