Статья 13. ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება
1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
3. სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; ბ) „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება.
