Статья 38. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება
1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე (პირებზე) ფუნქციების დელეგირება, რომელთა დელეგირება ნებადართულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სპეციალიზებური დეპოზიტარი ფუნქციების დელეგირებას არ ახორციელებს ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად; ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მის მიერ ფუნქციების დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციის დელეგირების განხორციელებისას. სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი საინვესტიციო ფონდის აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის ადეკვატური და პროპორციული იყოს; დ.ბ) მესამე პირი შესაბამის იურისდიქციაში ექვემდებარებოდეს პრუდენციულ რეგულირებას, მათ შორის, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ზედამხედველობას, აგრეთვე ექვემდებარებოდეს პერიოდულ გარე აუდირებას იმის დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება; დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი აქტივებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს მათი, როგორც კონკრეტული სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივების, აშკარად იდენტიფიცირება; დ.დ) მესამე პირის მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივები ხელმისაწვდომი არ იყოს მესამე პირის კრედიტორებზე გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის; ე) მესამე პირი შეასრულებს იმ ვალდებულებებს და დაიცავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე და 36-ე მუხლებითა და 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით.
