1.საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც ის დააკისრებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების ვალდებულებებს.
2.საინვესტიციო კომიტეტი სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსით შეარჩევს (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს (მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.
3.სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას ერთზე მეტ პირს უწევდეს, მაგრამ მას საპენსიო ფონდის საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.
4.საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს, უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, აგრეთვე საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
5.სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია.
6.სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვებისა და ფულადი სახსრების გაცემის შესახებ ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში; დ) საპენსიო ფონდს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად; ე) უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას; ვ) საპენსიო აქტივებთან მიმართებით ასრულებს ზედამხედველობის ვალდებულებას; ზ) ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
7.სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო ფონდს შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
8.სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების არსებითად დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მისი შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და მმართველობით საბჭოს.
9.სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო ფონდისთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.
10.სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.
11.ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები.
12.თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი. საქართველოს 2020 წლის 19 მარტის კანონი №5860 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2551 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3728 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
